"საქართველოს სამეფო სახლის" მეთაური ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს.
ის მოუწოდებს მხარეებს, მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლონ.
"საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, მისი სამეფო უმაღლესობის ბატონიშვილ დავითის პოლიტიკური განცხადება.
მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების გამო, გამოვთქვავ ჩემს უკმაყოფილებას ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ამჟამინდელი ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო. მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს ჩაერთონ მოლაპარაკებაში რომ პროცესებმა ქუჩიდან და სასამართლოდან გადაინაცვლოს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენი საყვრელი სამშობლოს საერთაშორიო იზოლაცია.
საქართველო გვეკუთვნის ჩვენ ყველას, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებების, წარმოშობისა და სარწმუნოებისა", - ნათქვამია განცხადებაში.
ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით გუშინ, 17 თებერვალს შეუცვალა. მელია მხარდამჭერებთან და ოპოზიციის ლიდერებთან ერთად პარტიის ოფისში იმყოფებოდა, სადაც ღამე გაათენა. დღეს დილით ოფისში მელიასთვის განჩინების ჩაბარებისა და მისი დაკავების მიზნით პოლიცია მივიდა, თუმცა ისინი შენობაში არ შეუშვეს.
გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დღეს, 18 თებერვალს დატოვა. მისი თქმით, კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მისთვის მიუღებელი. გახარია ამბობს, რომ ამ საკითხში გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია და სწორედ ამიტომ ტოვებს პოსტს.